თებულოტური გეპატიჟებათ ჯიპტურზე თუშეთში

ომალო, კესელო, გომეწრის ხეობა, დართლო, კვავლო, დანო, ფასრმა, გირევი, შენაქო, დიკლო.

მგზავრობა, სამჯერადი კვება, სასტუმროში განთავსება, გამყოლის მომსახურება

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდნენ:
E-mail - pvardanashvili@gmail.com
Tel: - (+995 99) 91 46 55
Skype - paatavar

თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ. განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობია 896 კვ. კმ. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები განლაგებულია 1900 მ-დან 2400 მ-მდე.
თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის (პირიქითის) ქედი, დასავლეთით ამუგო–აწუნთის ქედი, აღმოსავლეთით ბუნებრივი საზღვარი გაუყვება აკაზმა-ჭეროსთავის ქედს და მთავრდება მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, ე. წ. ვადაეთის ქედი.
თუშეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის ქედი, მისი უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ). თუშეთის ქედის პერპენდიკულარულად სამხრეთ მიმართულებით გამოიყოფა შემდეგი ქედები: ძველციხეთანის, ჭეროს, ცირბევის,დანოს, ლაროვანის, სანარის ქედი-სანარისა და აკაზმის ქედები.
მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე (3574 მ), დიდგვერდი (3334 მ) და პატარა ბორბალო (3180 მ).
მთავარი წყალგამყოფი ქედიდან გამოიყოფა უამრავი პერპენდიკულარული ქედები, რომელთა შორის აღსანიშნავია საჯინჭვლის, ნახიდურის, ალატოვანის, ოთხწყაროს, ენჭოს, ლაისა და სხვა.
თუშეთის რელიეფი და მისი ძირითადი ტიპები ჩამოყალიბებულია მეოთხეული პერიოდის ვერტიკალური მოძრაობებით, გამყინვარებით, მდინარეული ეროზიითა და მექანიკური გამოფიტვით.
ვაკეებიდან გამოირჩევა ომალო-დიკლოს ვაკე, რომელიც ალაზნის კანიონით გაყოფილია ორ ნაწილად. აქვეა ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე. აღსანიშნავია აგრეთვე თურსიეხის, ქვახიდის, წოვათის, ალაზნის თავის და სხვა პატარ-პატარა ვაკეები.
ფხოველთა (ფშავ-ხევსურთა) თუშეთში მიგრაციის შესახებ რამდენიმე წყარო მეტყველებს. ამას მხარს უმაგრებს გვარ-სახელები, ენობრივი დიალექტური შეხვედრები, სეხნია ტოპონიმები და სხვა. ეს შეიძლება მომხდარიყო ახ. წ.-ის IV ს-ის პირველ ნახევარში,იბერიის მეფე მირიან III-ის მიერ ქვეყნის გაქრისტიანების მცდელობის წინააღმდეგ ამხედრებულ ტომთა მიერ.
თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიანბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია.
ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში.
VIII საუკუნეში თუშეთი მოიხსენიება საქართველოს სამეფოსადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო კავკასიელ ტომებთან, კერძოდ,ხუნძახის თემთან საერთო ადმინისტრაციულ საზღვრებში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები.
XV საუკუნეში გიორგი I აუქმებს საერისთავოებს და აწესებს სამოურავოებს.
მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც ეხება კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას. ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ.
1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას.
თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონებულ იქნა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით.
XVII საუკუნეში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ ქვაზე დაწერილი გუჯარიდან ირკვევა, თუშებს თავიანთი ცხვარმრავალი ფარებისათვის ათვისებული აქვთ შირაქის ზამთრის საძოვრები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და თუშეთის გეოსოციალური სტრუქტურის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს.
მეზობელი ტომების თავდასხმებისაგან თუშეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი ფორტიფიკაციული არქიტექტურა.
სოფლების განაშენიანებისათვის, როგორც შენაქოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი დასახლების ნაშთები მოწმობს, უძველესი დროიდან უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივ სიმაგრეებსა და შეჯგუფულ დასახლებას. ამგვარ ციხე-სოფლებს განეკუთვნება ძველი დიკლო, ჰეღო, წარო, ინდურთა და ა. შ. თუშეთის ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკები, რომლებშიც იხიზნებოდა მოსახლეობა და კოლექტიურად იცავდა თავს მომხვდურთაგან.
საოჯახო თემის საცხოვრებელმა ციხე-სახლებმა XIX საუკუნის II ნახევარში დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და დაიწყო მათი გადაკეთება და ახალი ტიპის საცხოვრებლების-აივნიანი სახლების მშენებლობა, რაც პასუხობდა შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს.
თუშეთის ეთნოკულტურულ თავისებურებას, საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით, ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარეობითი მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ერთობლიობა.
თუშეთის ტრადიციული განსახლების სისტემა, ეკოლოგიურ-ესთეტიკური და თავდაცვით-სამეურნეო თვალსაზრისით, ბუნებრივი და ანთროპოგენული გარემოს ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს. ადგილობრივი ფიქალი ქვით აშენებული სოფლები და ციხე-კოშკები გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ერთად მაღალი ხარისხის ლანდშაფტურ ღირებულებებს ქმნის.
მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ, თუში მამაკაცის ტრადიციულმა დასაქმების სფერომ, დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა, სულიერი წონასწორობა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება მწყემსი თუშების ყველაზე გამოკვეთილი მენტალური თვისებებია.
რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები.
მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი „გუდის ყველის“ სახელითაა ცნობილი, რადგან ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, „გუდაში“ ხდება.
საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი დახელოვნებულნი არიან ცხვრის მატყლის დამუშავებაში, ქსოვასა და თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და ქეჩები.

























.jpg)

